Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ტუშას (იტალია) უნივერსიტეტს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტუშას უნივერსიტეტს (იტალია) შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიიღონ როგორც თსუ-ის, ასევე ტუშას უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის დიპლომი. მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებში. დოკუმენტში ასევე საუბარია გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორივე ქვეყნის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

 

თსუ რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ტუშას უნივერსიტეტი იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია, განსაკუთრებით არქეოლოგიის მიმართულებით: „იტალიის ეს რეგიონი ცნობილია თავისი მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობით — ეტრუსკული ცივილიზაციიდან მოყოლებული რომაული და შუა საუკუნეების პერიოდის ძეგლებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას იტალიაში. ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან ტუშას უნივერსიტეტში და ჩაერთვებიან კონკრეტული ძეგლების არქეოლოგიურ კვლევაში. ანალოგიურად, ტუშას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ისწავლიან თსუ-ში და მონაწილეობას მიიღებენ არქეოლოგიურ გათხრებში საქართველოში. ეს პროცესი ხელს უწყობს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო აკადემიური ქსელის გაძლიერებას.“

 

მომდევნო ეტაპზე, უნივერსიტეტები გაფორმებენ შეთანხმებას, რომელიც დაარეგულირებს ორმაგი ხარისხის პროგრამასთან დაკავშირებულ სასწავლო კურსებსა და აქტივობებს. სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, რომელიც ორივე უნივერსიტეტში ყოველწლიურად გამოცხადდება. კანდიდატები ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობას მიიღებენ და ერთ სემესტრს მასპინძელ უნივერსიტეტში გაატარებენ.

 

თსუ-ის დელეგაცია რექტორ ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით ტუშას უნივერსიტეტს ესტუმრა ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა მემორანდუმს და დაიგეგმა შემდგომი აქტიური თანამშრომლობა.

თარიღი: 27/06/2025